„ბირჟა მაფიას" საქმე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა
ამობეჭდვა · 2017-11-14 22:35:26 · 376 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ინტერნეტისა და ონლაინმედიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც „ბირჟა მაფიას" საქმეც მოხვდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადად საქართველოს მოქალაქეები ონლაინსივრცეში თავიანთ მოსაზრებებს თავისუფლად, სასჯელის შიშის გარეშე გამოხატავენ, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასებით, სამართალდამცავთა რეაგირება შესაძლოა არათანაზომიერიც იყოს. 

„სამართალდამცავი სტრუქტურები პერიოდულად იძიებენ საქმეებს იმ ინტერნეტმომხმარებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინსივრცეში აგრესიული მუქარით გამოირჩევიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განმარტებით, სამართალდამცავთა რეაგირება შესაძლოა, ზოგჯერ არათანაზომიერიც იყოს. 

იყო ცალკეული შემთხვევა, როცა „ბირჟა მაფიის" წევრი რეპერები 2017 წლის ივნისში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც, პოლიციის თქმით, ნარკოტიკები აღმოუჩინეს. ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ბრალდებები გამოგონილი იყო და რომ ნარკოტიკები youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, შურისძიების მიზნით ჩაუდეს. ვიდეოში პოლიციელი ძაღლის სახით არის გაშარჟებული. მას შემდეგ, რაც დაკავებას თბილისში პროტესტის ტალღა მოჰყვა, ორივე მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 2017 წლის 12 ივნისს. გარდა ამისა, ვიდეო youtube-დან გარკვეული დროით გაქრა და 2017 წლის ივნისში ისევ დაიდო, თუმცა მასში პოლიციელის სახე გადაფარულია.

ჯერაც გადაუწყვეტელია სულხან წულაძის საქმე, რომელმაც 2016 წელს წინასწარ პატიმრობაში ერთი თვე გაატარა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტფორუმ Forum.ge-ზე აშშ-ის ელჩზე გამოგონილი თავდასხმა დააანონსა. წულაძეს საერთაშორისო დაცვით უზრუნველყოფილი პირის წინააღმდეგ თავდასხმის მუქარაში დასდეს ბრალი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაკავებას გაუმართლებელი უწოდეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ წულაძე თავისი პროვოკაციული გამოხდომებით არის ცნობილი და პოსტი ხუმრობა იყო", - ნათქვამია ანგარიშში.

 



ავტორი: Mediamall.ge