უჩა ნანუაშვილი ბორჯომის, დაბა ბაკურიანისა და სოფელ ციხისჯვრის მოსახლეობას შეხვდა
ამობეჭდვა · 2017-11-15 11:05:00 · 89 ნახვა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებებზე და რეგიონში არსებულ სხვა პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით ბორჯომის, დაბა ბაკურიანისა და სოფელ ციხისჯვრის მოსახლეობას შეხვდა.

ციხისჯვრის მაცხოვრებლების თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტერიტორიაზე მომუშავე პირები სოფლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავენ. სოფელში არ არის ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, რემონტს საჭიროებს ამბულატორიის შენობა, რის გამოც სოფლის ექიმს სახლში უწევს პაციენტების მიღება. გართულებული პროცედურების გამო, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს შეშის დროული მოჭრა, რაც ამ პერიოდისთვის გათბობის ერთადერთი წყაროა.

ბაკურიანის მაცხოვრებლებისთვის ყველაზე მწვავეა მიწების რეგისტრაციის პრობლემა, სარემონტოა სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები, მოსახლეობა უკმაყოფილოა „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ კანონის მოქმედებით, რადგან თვლიან, რომ კანონი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შერჩევით ეხება.

უჩა ნანუაშვილი ასევე შეხვდა ბორჯომის პლატოზე განსახლებულ დევნილებს. მათი თქმით, დასახლებას არ მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი, კორპუსი არ არის კეთილმოწყობილი, არ მუშაობს ლიფტი. ყურადღების მიღმაა დარჩენილი საერთო სარგებლობის ფართის რეგისტრაციის საკითხიც, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია არ არის განათებული, არ აქვთ საბავშვო მოედანი, მიღებული სოციალური  დახმარება, განსაკუთრებით ზამთარში, არ არის საკმარისი კომუნალური გადასახადებისთვისაც კი, ხოლო შეშის მოჭრის უფლებას ვერ იღებენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.



ავტორი: MediaMall.ge