საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 1000 წლით უფრო ძველია - მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა
ამობეჭდვა · 2017-11-14 17:23:00 · 119 ნახვა

მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები საქართველოშია აღმოჩენილი თიხის ჭურჭელში, რომელიც არქეოლოგების შეფასებით, 8 ათასი წლისაა - ამის შესახებ აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

მეცნიერების განმარტებით, ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ითვლება, რომ მსოფლიოში პირველი ღვინო ბრინჯისგან, ჩინეთში დაამზადეს 9 ათასი წლის წინ. სიძველით მეორე ადგილზეა ირანში აღმოჩენილი ყურძნის სპირტი. მეცნიერების შეფასებით, საქართველოში, თიხის ჭურჭელში აღმოჩენილი კვალი დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულისაა.

მოხსენების თანაავტორის, ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივენ ბატიუკის განცხადებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში აღმოჩენილი ნიმუში ღვინის საწარმოებლად ველური, ევრაზიული ვაზის გამოყენების უძველესი მაგალითია. აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ისრაელის და საქართველოს მკვლევართა ჯგუფი ბოლო 4 წლის განმავლობაში აანალიზებდა საქართველოში აღმოჩენილ ნიმუშებს. მათ შორისაა შულავერში, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოჩენილი 300 ლიტრიანი, კერამიკის კასრები.

მეცნიერები უძველეს ფრაგმენტებში აღმოჩენილი კვალის იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ მას-სპექტრომეტრიის და ქრომოტოგრაფიის მეთოდების კომბინაციას. ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა ღვინის მჟავის და ღვინის დასამზადებლად ყურძნის დამუშავებისას თითის ანაბეჭდების არსებობა.

 

წყარო: radiotavisupleba.ge



ავტორი: MediaMall.ge