სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ამობეჭდვა · 06 / 01 / 2021 10:23
სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

 

  სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამშედ დაასახელეს. ეს ქართველი კალათბურთელის დიდი აღიარებაა. NCAA-ის ერთ-ერთ მძლავრ კონფერენციაში, სადაც არაერთ ძლიერ გუნდთან ერთად, მრავალგზის ჩემპიონი “ვილანოვაც” გამოდის, საუკეთესო მოთამაშედ 21 წლის ქართველი აღიარეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რაგინდარა კონფერენციაში კვირის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი დასახელდა. 

კვირაში მამუკელაშვილი საშუალოდ 21 ქულით 8 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით ეხმარებოდა კლუბს. სეტონ ჰოლის ისტორიაში მეოთხედ მოხდა, რომ კონფერენციის ზედიზედ ორ კვირაში მისი მოთამაშეები დაასახელეს, რადგან წინა ორშაბათს საუკეთესო მაილს კეილი გახდა. 

სხვათა შორის, 1992/93 წლების სეზონში ლაურეატთა შორის სეტონ ჰოლიდან არტურას კარნიშოვასი იყო (ტერი დეერთან ერთად). 1999/2000 წლების სეზონში რიმას კაუკენასი და შაჰინ ჰოლოვეი, ხოლო გასულ სეზონში მაილს პაუელი ზედიზედ ორჯერ დაასახელეს კვირის მოთამაშედ.

ქსავიერთან და ბატლერთან მატჩებში სეტონ ჰოლის ვარსკვლავი ფანტასტიკური იყო. “პირატები” კონფერენციის ერთადერთი გუნდია, რომელმაც კვირაში ორივე მატჩი მოიგო. პირველ შეხვედრაში შედარებით ძლიერ ქსავიერთან მამუკელაშვილმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მეორე მატჩი აუტსაიდერ ბატლერთან უფრო შედეგიანად გაისარჯა: 24 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი.

სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.7 ქულას, 6.9 მოხსნას და 3.4 პასს აგროვებს. ამ სტატისტიკით სანდრო მამუკელაშვილი კონფერენციის საუკეთესო 12 მოთამაშეს შორისაა ოთხ კატეგორიაში  (მე-4 ჩაჭრები – საშუალოდ 1.3 თამაშში). სეზონში მან 6 მატჩი დაასრულა 20 და მეტი ქულით. 6 უძლიერეს კონფერენციაში მამუკელაშვილი იმ 4 მოთამაშეს შორისაა, რომელთაც სეზონში 30 და მეტ-ქულიანი მატჩი ჰქონდათ. სანდრო ზედიზედ სამჯერ მოხვდა კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში.

სეტონ ჰოლს სეზონში 8-4 ბალანსი აქვს, კონფერენციაში კი – 5-1. ეს კი კოლეჯთა ლიგის ისტორიაში კლუბისთვის მეორე შედეგია სტარტზე. ოთხშაბათს მამუკელაშვილის გუნდი რატი ანდრონიკაშვილის (ტრავმირებულია) კრეიტონს შეხვდება. 

nbadraft.net-ზე სანდრო მამუკელაშვილი ამ ეტაპზე 55-ე პოზიციაზეა, თუმცა სპეციალისტები NBA-ს 2021 წლის დრაფტზე მას უფრო მაღალი ნომრით ელოდებიან.