იმერეთის პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2021 15:28
 იმერეთის პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.