თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ისტორიული კიბე აღვადგინეთ, ხოლო მის მიმდებარედ მოეწყობა ველობილიკი
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2021 10:06
   თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ისტორიული კიბე აღვადგინეთ, ხოლო მის მიმდებარედ მოეწყობა ველობილიკი

 

 26 მაისის მოედანზე, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კიბესა და შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აღნიშნული კიბე უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. 26 მაისის მოედანზე არსებულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კი ის რეაბილიტირდა და ტერიტორია შშმ პირებისთვისაც ადაპტირდა. 

„კიბე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ეს  არის ისტორიული კიბე, რომელიც დაზიანებული იყო და აღვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, კიბის მიმდებარედ უნდა გაიაროს ველობილიკმა. შესაბამისად, რათა შშმ პირების გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული,  მათთანვე კონსულტაციით გაკეთდა პანდუსი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც შშმ პირებს ესაჭიროებათ გადაადგილებისთვის“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ. 

26 მაისის მოედანზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში,  გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო პანდუსები და გაკეთდა ველობილიკი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიხაზება. ტერიტორია აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. 

„ტექნიკურ უნივერსიტეტთან“ მოწყობილი პანდუსების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 10 290 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.