ხაშურსა და სურამში ქუჩები დაიტბორა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2021 15:31
 ხაშურსა და სურამში ქუჩები დაიტბორა

 

 გადაუღებელმა წვიმის შედეგად, ხაშურსა და სურამში ქუჩები დაიტბორა. სანიაღვრე არხებმა ნალექი ვეღარ გაატარა და წყალი ქუჩებზე გადმოვიდა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სურამში თაყაიშვილის და მშვიდობის ქუჩებზე, ხაშურში თევდორე მღვდლის, გურამიშვილის და იმერეთის ქუჩებზე. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც და კორპუსების სარდაფები. პრობლემა შეექმნა საკანალიზაციო სისტემასაც.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო ბრიგადები ტუმბავდნენ წყალს. ამ წუთებში ხაშურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ტექნიკა მუშაობს და არხებს ასუფთავებს.

„უხვმა ნალექმა გამოიწვია ეს მდგომარეობა. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების შეექმნა პრობლემა. ადგილზე მუშაობს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტექნიკა და თანამშრომლები, ასევე წყლის კომპანიის წარმომადგენლებიც. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა და გასუფთავება არხების ასევე საკანალიზაციო სისტემების“, – განაცხადა პირველ არხთან ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ.

itv.ge