ბაკურ აბულაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2021 00:11
ბაკურ აბულაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2016-2020 წლების მონაცემებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 87 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 18 პირი იყო პოლიტიკური პატიმრის სტატუსის. 77 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენი მსჯავრდებულების მიმართ საქმის განხილვა გრძელდება. 

„2015-2020 წლებში გამოვლენილი იქნა მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 178 ფაქტი და მხილებული იქნა 51 საჯარო მოხელე. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 392 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 54 500 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. 2020 წელს კი, დაზარალებულად იქნა ცნობილი 49 პირი, რომელთაც დაახლოებით 960 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდათ" - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.