ირაკლი შოთაძე: საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც აისახა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2021 10:59
ირაკლი შოთაძე: საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც აისახა

 

საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, არსებობის ათწლიანი პერიოდის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სულ 48 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის 39 საქმე - სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) ან/და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით, რომელთაგანაც 31-ზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე, 8 - სამოხელეო და ფინანსური, ხოლო 1 ოჯახური დანაშაული. 

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველად გაიმართა ოჯახური დანაშაულის საქმის განხილვა, რომელიც გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და სასამართლოს კოორდინატორთა სამსახურს მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა მსაჯულობის კანდიდატებზე დამატებითი ინფორმაცია.

„2020 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება 26 საქმეზე იქნა გამოყენებული დაცვის მხარის მიერ, რაც წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პროცესებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა წრის გაფართოება. ამ მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით პროკურორებისთვის დაიწყო სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს და მიზნად ისახავს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებას“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.