საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2021 12:06
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის  2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.  

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ახალი კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში დისტანციური სამართალწარმოების მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დისტანციურად განხორციელდა პროკურატურის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.

ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო  და საპროკურორო ზედამხედველობის უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ცალკეულ დანაშაულებებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მოტივაციის გაძლიერება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით, რომლის მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი“ -აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. 

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ასევე ისეთ დანაშაულებთან ბრძოლა, როგორიც არის: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, კორუფციული დანაშაული, სამოხელეო და ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეები. ამ პროცესში, ბუნებრივია, უპირველეს საზრუნავს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და სამართალწარმოების პროცესში მათი სათანადო ჩართულობა წარმოადგენს.  

„პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. 

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისთვის ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მისი თქმით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების 4 სასწავლო კურსი გაიარეს. 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 224 პირის მიმართ დაიწყო. 

ასევე, გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გატარებულ არაერთ ღონისძიებაზე ისაუბრა.  

ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილ სიახლეზე, თანამშრომელთა რანგირების სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რანგირებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ექვემდებარებიან და მისი მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს საწყისი - მესამე რანგი მიენიჭა. 

ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, სამი წლის ვადით დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მეკავშირე პროკურორი EUROJUST-ში.

„2020 წლის განმავლობაში მეკავშირე პროკურორმა დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვის კუთხით. შედეგად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების წარმოებაში არსებულ არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეზე მეკავშირე პროკურორის ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან საჭირო მტკიცებულებების სწრაფად და ეფექტიანად მოპოვება“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

გენერალურმა პროკურორმა გასულ წელს უწყებაში დანერგილი ციფრული პროდუქტების და ანალიტიკური კვლევების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით 2020 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში უწყებამ არაერთი ციფრული პროდუქტი დანერგა და საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები ჩაატარა. 

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებში 2021-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, აღდგენითი მართლმსაჯულების მხარდაჭერა, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შედის. 

ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.