“მადლობას ვუხდი ყველას, რომ ახლა ჩემი შვილი ცოცხალია” – როგორ დაეხმარა ბათუმში პატრული მცირეწლოვანს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2021 13:13
“მადლობას ვუხდი ყველას, რომ ახლა ჩემი შვილი ცოცხალია” – როგორ დაეხმარა ბათუმში პატრული მცირეწლოვანს

 

 2 წლის შვილი მეჭირა ხელში, უგონოდ იყო, პატრულის მანქანა დავინახე, გავაჩერე და დახმარება ვთხოვე – ყვება “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას თენგიზ მიქელაძე და იმ ემოციურ წუთებს იხსენებს,  როდესაც მისი 2 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ  ბათუმში, მათთვის გაწეული დროული დახმარება კი ბავშვის გადარჩენისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

როგორც თენგიზი ამბობს,  მას და მის მეუღლეს მათი  მცირეწლოვანი შვილი, რომელიც  თავს შეუძლოდ გრძნობდა,  პირადი  ავტომობილით სამედიცინო დაწესებულებისკენ მიჰყავდათ, თუმცა გზაში ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,  მშობლებმა  გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს და დახმარება  იქვე მოძრავ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვეს.

ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ბავშვი, რომელიც  უკვე უგონო მდგომარეობაში იყო, თავიანთ სამსახურებრივ ავტომობილში ჩასვეს, სამედიცინო დაწესებულებაში  დაუყონებლივ გადაიყვანეს და ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

“ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობდა, მე და ჩემმა მეუღლემ რომ შევატყვეთ, რომ მდგომარეობა უარესდებოდა, ჩვენივე ავტომობილით, ჩემი სახლიდან, ახალშენიდან ბათუმში,  საავადმყოფოში გადაყვანა გადავწყვიტეთ, გზაში ჩვენი შვილი კიდევ უფრო ცუდად გახდა, გონებას კარგავდა, აღარ ვიცოდით რა გვექნა, გავჩერდით,  გზა ვეღარ გავაგრძელეთ, ვცდილობდით როგორმე დავხმარებოდით,  2 წლის შვილი მეჭირა ხელში, უგონოდ იყო, უცებ, პატრულის მანქანა დავინახე, გავაჩერე და დახმარება ვთხოვე, ავუხსენი მდგომარეობა, ეკიპაჟის წევრებმა ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანეს,დაუყოვნებლივ დაგვეხმარნენ- საბედნიეროდ ძალიან დროულად  მიგვიყვანეს საავადმყოფოში. მადლობას ვუხდი ყველას რომ  ახლა ჩემი შვილი  ცოცხალია” – ამბობს თენგიზ მიქელაძე.