“დღეიდან, ჩვენ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის პასუხისმგებლობა და სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ” - განაცხადა კახა კალაძემ
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2021 14:55
“დღეიდან, ჩვენ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის პასუხისმგებლობა და სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ” - განაცხადა კახა კალაძემ

 

დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შეუქმნან ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა.

„პირველ რიგში უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა, განვითარების სწორ რელსებზე.

ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ.

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - მას რა თქმა უნდა ამის ძალა შესწევს“, - განაცხადა კალაძემ.