19 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2021 22:42
 19 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  ნათლისღებას აღნიშნავს

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებელი სამყარო, 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს.

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს (ეკლესიაში ამის არაერთი ფაქტი ფიქსირდება).

ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

ნათლისღების დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ხდება მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში და გალობს ნათლისღების ტროპარს.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, წელს მდინარეში განბანვის რიტუალი არ შესრულდება.