მეხანძრე-მაშველებმა ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს დროულად აღმოუჩინეს დახმარება
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2021 12:03
მეხანძრე-მაშველებმა ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს დროულად აღმოუჩინეს დახმარება

 

მეხანძრე-მაშველებმა ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ, სოფლამდე დარჩენილი მანძილის ქვეითად დაფარვა გადაწყდა. მაშველებმა, ექიმთან ერთად, დაახლოებით ორი კილომეტრი თოვლში ფეხით გაიარეს და პაციენტთან დროულად მისვლა მოახერხეს. მეხანძრე-მაშველებმა იგივე მანძილი კვლავ ქვეითად იარეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე 70 წლის მოქალაქე საკაცის საშუალებით მიიყვანეს.

პაციენტი, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება“,- საუბარია ინფორმაციაში.