ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2021 13:06
ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა

 

 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

„ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 75 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა“, – აღნიშნულია მთავრობის ახალ დადგენილებაში.

მთავრობა, პირველი ხარისხის ფქვილს 2020 წლის დეკემბრიდან ასუბსიდირებს. პროგრამა ოთხთვიანია და დეკემბერი-მარტის თვეებს მოიცავს. პროგრამაში 60-მდე პურის ქარხანაა ჩართული და სუბსიდიის მიზანი, მასობრივი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნებაა.

სუბსიდიის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობამ წისქვილ-კომბინატებში ერთი ტომარა ფქვილის 63 ლარიდან 68 ლარამდე გაძვირების შემდეგ მიიღო.