მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2021 16:49
 მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები და განსაკუთრებით, გერმანიის წარმომადგენელთან ჩვენი ქვეყნისთვის. კომიტეტი გეგმავს თანამშრომლობას გერმანიის სახელმწიფოსთან და ამ თვალსაზრისით მთავარი პარტნიორი იქნება მისი აღმატებულება ელჩი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდება ეს თანამშრომლობა. რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, შეხვედრაზე გამოხატულ იქნა მადლიერება ჩვენი მხრიდან გერმანიის სახელმწიფოს მიმართ და გერმანელი ხალხის მიმართ იმ უზარმაზარი დახმარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს გერმანელი ხალხისგან. ეს თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი საწინდარი იმისა, რომ საქართველომ შეძლოს იმ სანუკვარი მიზნის მიღწევა, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა ჰქვია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.