კახა კალაძე: თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2021 11:02
 კახა კალაძე: თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან

 

 მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით.

„როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. ტროტუარებსა და  ზებრა გადასასვლელებზე  ავტომობილების გაჩერება, ე.წ. ბასლეინებზე დაპარკინგება და ავტომობილების დატოვება. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს დამოკიდებულება. ის, რომ  ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომფორტი შევუქმნათ მათ, არ დავაჯარომოთ, ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დავარღვიოთ და განუკითხაობა იყოს დედაქალაქში. არ არის სწორი ეს მიდგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტო-მასალაც წარადგინა, სადაც ასახულია ავტომანქანები, რომლებიც ველობილიკებზე, ზებრაგადასასვლელებსა და საავტობუსე ზოლებშია გაჩერებული. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს.

„მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში. შესაბამისად,  მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ  მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს. ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ შემთხვევას, დედა შვილს ეტლით ასეირნებს და ელემენტარულად ზებრა გადასასვლელზე ვერ გადადის, რადგან მანქანები აყენია. ეს ქვეითებისთვის სერიოზული პრობლემაა. შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები მძღოლებისთვის, მივეცით შესაძლებლობა საავტობუსე ზოლებში სიარულის, არ ვაჯარიმებთ, მაგრამ სრული განუკითხაობაა დღეს ქალაქში და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ იმოქმედეთ, ვინც დაარღვევს და ავტომობილები გაჩერებული იქნება ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც გვერდში დაგიდგებათ. საპატრულო პოლიციასთან გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია და ეს თემა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.