ეკატერინე დგებუაძე დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2021 11:56
 ეკატერინე დგებუაძე დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ  ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ დიდუბის რაიონის №10, № 22, №116 და №166 საჯარო სკოლები მოინახულეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლებში დაბრუნება მიულოცა და სასწავლო პროცესის ბუნებრივ, სასკოლო გარემოში წარმატებით გაგრძელება უსურვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას პანდემიის პირობებში ახალ რეალობასთან უმოკლეს დროში ადაპტაციისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ღირსეულად გაართვეს თავი მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ეკატერინე დგებუაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაბილური სასწავლო გარემოს შენარჩუნებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით დაიცვას სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მინისტრის პირველი მოადგილე სისტემატურად ეცნობა სკოლებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს და პირადად აფასებს, თუ რა ღონისძიებებია გატარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.