გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2021 10:10
გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ

 

 გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

გურამ დოჩანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში.

1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გურამ დოჩანაშვილს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.