ვიოლა ფონ კრამონი - მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2021 19:20
ვიოლა ფონ კრამონი - მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება

 

მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, ხალხი ელოდება გამოსავალს რაც შეიძლება მალე.

„გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, ვინც იქნება მზად ჩვენი მხარდაჭერის მისაღებად და გააცნობიერებს, რას ვთავაზობთ, მათ შორის ფინანსურ დახმარებას, კავშირებს, პროექტებს და ა.შ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რა დაბალ დონზე იყო პასუხისმგებლობა მთელი პოლიტიკური სპექტრისგან. მე ვიყავი საქართველოში. ვესაუბრე სხვადახვა პარტიების წარმომადგენლებს. მე იმედგაცრუებული ვიყავი, რამდენად არ ესმით პოლიტიკოსებს ჩვენი, ხალხის უმრავლესობა კი, სულ სხვა რამეს ელოდება. ხალხი ელოდება გამოსავალს, რაც შეიძლება მალე. მე თავიდანვე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციის ბოიკოტის გამო, რადგან ისინი ეუთო-ს საბოლოო დასკვნასაც არ დაელოდნენ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარის თქმით, ოპოზიციამ არჩევნების ღამეს მიიღო გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ და ეს მიუღებელია.

„მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება. ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ ინსტრუმენტებს ოპოზიციისთვის და ვერ შევასრულებთ ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაში მოცემულ რეკომენდაციებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია პარლამენტში და არა გარეთ და ცხადია, მივმართავთ ორივე მხარეს, რომ საკუთარი სამუშაო შეასრულონ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.