გარემოსდამცველები ეჭვობენ, რომ ლიხტენშტეინის პრინცმა, რუმინეთში ნადირობისას, ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები უდიდესი დათვი მოკლა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2021 10:07
გარემოსდამცველები ეჭვობენ, რომ ლიხტენშტეინის პრინცმა, რუმინეთში ნადირობისას, ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები უდიდესი დათვი მოკლა

 

 გარემოსდამცველები ეჭვობენ, რომ ლიხტენშტეინის პრინცმა, რუმინეთში ნადირობისას, ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები უდიდესი დათვი მოკლა. როგორც „ბიბისი“ წერს, პრინც ემანუელ ფონ უნდ ცუ ლიხტენშტეინს ნება დართეს, მოეკლა 17 წლის ძუ დათვი, რომელმაც ფერმებს გარკვეული ზიანი მიაყენა.

რუმინეთის გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ბიბისის“ ცნობით, გასაჯაროებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ხელისუფლებამ ნადირობის ასოციაციას კოვასნეში ნება დართო, პრინცისთვის ნადირობის უფლება მიენიჭებინათ, აქვე აღნიშნულია ტრანსილვანიაში დათვის მოკვლის დეტალებიც.

რუმინეთში ნადირობა 2016 წელს აიკრძალა, რამდენადაც ყავისფერი დათვები ევროკავშირის დირექტივებით არიან დაცული. თუმცა, ნადირობა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ დათვები „პრობლემას“ ქმნიან. გარემოსდამცველთა განცხადებით, ადგილობრივები სამ ძუ დათვსა და მათ ბელებთან დაკავშირებით ჩიოდნენ.

პრინცს, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, კომენტარი არ გაუკეთებია.