გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2021 10:21
გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია!
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის MVP გახდა. “ტენერიფე ლენოვოს” ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 3 დღის წინ დასრულებული ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი უძლიერესად ჩაატარა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

ლიგაში, სადაც ნბა-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და მრავალი სხვა ექსტრა კლასის კალათბურთელი თამაშობს, გიორგი შერმადინი საუკეთესოდ დაასახელეს. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მატჩის, ტურისა და თვის იმდენი MVP-ის ტიტული მოიგო, სათვალავი შესაძლოა ბევრს აერია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ლიგა ენდესას (ესპანეთის უმაღლეს ლიგას ოფიციალურად ეს სახელწოდება აქვს) სეზონის MVP-ის ტიტული შერმადინმა დღეს, 26 მაისს დაისაკუთრა.

ხსენებული MVP-ის ტიტულების გათვალისწინებითა და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ინდივიდუალური სტატისტიკით შერმადინი ყველანაირად იმსახურებდა სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზს, თუმცა არსებული წესებით საუკეთესო გამოკითხვით უნდა გამოვლენილიყო. ლიგა ენდესას მესვეურებმა გამოსაკითხად 4 სეგმენტი – გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები შეარჩიეს. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა და შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელიც Instagram-ით, Tweeter-ერითა და ACB.COM-ის აპლიკაციით მიმდინარეობდა, დიდი უპირატესობით მოიგო. შერმადინმა 7200 ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მადრიდის რეალის ცენტრ ედი ტავარეშს. ამით გიორგიმ MVP-ის ტიტულის მოსაგებად 25 პროცენტი დაისაკუთრა, ხოლო მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები სოციალურ ქსელებსა და მედიაში დღემდე არ ქვეყნდებოდა. დღეს, საბოლოო შედეგები ერთბაშად გამოაქვეყნა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ACB.COM-მა. შერმადინმა ყველა დანარჩენი სეგმენტი მოიგო. შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა ჯამში 100 პროცენტი მიიღო გულშემატკივრებისგან, ჟურნალისტებისგან, მწვრთნელებისგან და მოთამაშეებისგან.

ცნობისთვის, შერმადინი ესპანური ლიგის 38 მატჩში საშუალოდ 23.19 წუთს თამაშობდა და 17.0 ქულით საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. გიორგი ბომბარდირთა დავაში ბოლო ტურებში გალიდერდა, თუმცა მანამდე მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა სარგებლიანობის ინდექსით, რაც მთელი დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლების ერთიანობას წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც ადგენენ კონკრეტული მატჩის MVP-ის. ყველაზე ღირებული სწორედ სარგებლიანობის ინდექსია, რაშიც შერმადინმა მეორეზე გასული ონდრეი ბალვინი მთელი 3 ერთეულით ჩამოიტოვა.

გიორგი შერმადინი 22,5
ონდრეი ბალვინი 19,5
ედი ტავარეში 19,2

აღნიშნული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ესპანური ლიგის სიმბოლური (საუკეთესო) ხუთეული, რომელიც ასე გამოიყურება:

მარსელიონიო ჰუერტასი (ტენერიფე)
პიეირა ანრი (ბასკონია)
ხაბი ლოპეს-აროსტეგუი (ბუვენტუდი)
გიორგი შერმადინი (ტენერიფე)
ედი ტავარეში (რეალი)

დაჯილდოვება ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე შედგა. აღნიშნული მთა ესპანეთში უმაღლესია და კანარის ერთ-ერთ კუნძულ ტენერიფეზე მდებარეობს.

http://gbf.ge/