მარიამ ქვრივიშვილი „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინით აიცრა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2021 12:50
მარიამ ქვრივიშვილი „სინოფარმის“  წარმოების ვაქცინით აიცრა

„ვაქცინაცია არის ერთ-ერთი თუ არა,  ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იმისთვის, რომ ტურიზმის, ავიაციის ინდუსტრიებმა და ზოგადად, ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს გაძლიერება და განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც დღეს კლინიკა „მედისონში“ აიცრა „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინის პირველი დოზით.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ვაქცინაციის პროცესის შემდეგ აღნიშნა, თავს შესანიშნავად გრძნობს. ის საზოგადოების თითოეულ წევრს მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, რათა დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ისე მათი ახლობლები.

„განსაკუთრებით მოვუწოდებ ტურიზმის და ავიაციის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს - იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, თქვენი და თქვენ გვერდში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის სწრაფი ტემპი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ამ ინდუსტრიების გაძლიერების კუთხით. და ის რომ, დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ვაქცინების საკმარისზე მეტი რაოდენობა, რა თქმა უნდა, იმის წინაპირობაა, რომ ჩვენ მდგრადად განვაგრძობთ ყველა სტრატეგიული ინდუსტრიის და ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.