ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2021 16:28
  ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ

 

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.  

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.  

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ეს პროგრამა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი დაპირება იყო  და რა თქმა უნდა, მას ჩვენ ვასრულებთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენ ჩემთან ერთად დადიოდით უბან-უბან, სხვადასხვა რაიონში  და ხედავდით, რამდენ ოჯახს და ადამიანს დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს პროგრამა გრძელდება.  მინდა, ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების გამგებლები - ზურაბ ჩიკვილაძე და ირაკლი ხელაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს  დეპუტატები ესწრებოდნენ.