პაატა მანჯგალაძე: 19 აპრილის შეთანხმება არის ევროპული გზა - „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2021 14:01
პაატა მანჯგალაძე: 19 აპრილის შეთანხმება არის ევროპული გზა - „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის

„თუ ამბობთ, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავთ, ევროპული გზა იყო და არის ზუსტად 19 აპრილის შეთანხმება და თუ ასე გავაგრძელებთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ, უნდა მოემზადოთ წასასვლელად და ოპოზიციაში ყოფნისთვის“,- ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  მისივე შეფასებით, ოპოზიციაში ყოფნას მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება.

„ის კულტურა,  რომ ერთ ადამიანს უნდა ასიამოვნოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს არ წაადგება საქართველოს და სწორედ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, რაზეც საუბრობს პრემიერ-მინისტრი“,- აღნიშნა დეპუტატმა.

პაატა მანჯგალაძემ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა.

„რას გაუკეთეთ ანულირება - ევროპულ გზას, უფრო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნას, იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს - მაინტერესებს, რის ანულირება მოახდინეთ?“,- მიმართა უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმია და „ქართული ოცნება“ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.