თეა წულუკიანი – “ჩემი შვილი ჩემს სამსახურს ვერ იტანს, ცუდ სიტყვას რომ ვამბობ, მაშინვე შენიშვნას მაძლევს”
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2021 19:54
თეა წულუკიანი – “ჩემი შვილი ჩემს სამსახურს ვერ იტანს, ცუდ სიტყვას რომ ვამბობ, მაშინვე შენიშვნას მაძლევს”

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

– ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შვილი ორი თვის იყო, როდესაც სამსახურს დაუბრუნდა.

– 42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს უფრო ადრე ხდება. მერიკო 2 თვის იყო, როდესაც დეკრეტული შვებულება დავასრულე და სამსახურს დავუბრუნდი. რაც დამეხმარა, იყო ის, რომ ყოველთვის ვიზიარებდი ექიმების, პროფესიონალების, ფსიქოლოგების აზრს ან, მეტ-ნაკლებად, როგორც შემეძლო, სხვა დედების გამოცდილებას ვუსმენდი.

ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გააკეთა დღის განმავლობაში, რა მოეწონა, რამ გააღიზიანა და თუ რამე არ მოეწონა, მეკითხება ხოლმე.

მაგალითად, ამასწინათ, რაგბის მოედანზე, კაცებთან ერთად ვიყავი. როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო – გაუკვირდა.

მჯერა, რომ საუბრით იგებს და იმედი მაქვს, რომ არ ვცდები. მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა, მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ, რაღაცნაირად, „წითელი ხაზები“ დავადგინო – რა შეიძლება და რა – არა. მან იცის, რომ ცუდია ცუდი სიტყვები. თუ მე წამომცდება ხოლმე, და ასე ხდება საკმაოდ ხშირად, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი, რათა ცუდი სიტყვები მისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ იყოს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ფორტუნა