ლევან სილაგავა - მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა, არ გამართლდა, ამ დროისთვის საშუალო შეწონილი ფასით ვმუშაობთ
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2021 14:50
ლევან სილაგავა - მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა, არ გამართლდა, ამ დროისთვის საშუალო შეწონილი ფასით ვმუშაობთ

 

 ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, არ გამართლდა მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა.

მისივე თქმით, ხორბლის ფასმა მოიმატა და ფქვილის ფასიც იზრდება. თუმცა, სილაგავას განცხადებით, ამ დროისთვის ახერხებენ მუშაობას საშუალო შეწონილი ფასით, სერიოზული გაძვირების გარეშე.

„ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა და დღესდღეობით საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია ხორბლის ბაზარზე მსოფლიოში. აგვისტოს თვე იყო საკმაოდ რთული და მსოფლიოში სადღაც 15 მლნ ტონით დაწიეს ხორბლის მოსავლის რაოდენობა. დაახლოებით 8 ქვეყანაა, რომელიც ძირითადად ამარაგებს მსოფლიოს. ხოლო რეგიონულ ჭრილში, რაც ჩვენ გვაინტერესებს და საიდანაც შემოდის ძირითადად, ეს არის რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი. რუსეთში 82 მლნ ტონიდან დააკლეს 71 მლნ ტონამდე ხორბლის მოსავალი, რაც საკმაოდ დიდი კლებაა და ამან საკმაო რყევები გამოიწვია ბირჟებზე. შესაბამისად, ხორბლის ფასმა მოიმატა, ფქვილის ფასიც მატებისკენ წავიდა. თუმცა, ჩვენ ბაზარზე ვმუშაობთ გარკვეული ჯაჭვით – ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი. შესაბამისად, ეს ამ წუთისთვის საშუალებას გვაძლევს, რომ გარკვეულად საშუალო შეწონილი ფასით ვმუშაობთ და სერიოზული გაძვირება, ელვისებური დარტყმები თავიდან ავიცილოთ. როგორც გითხარით, ხორბალზე ფასი გაზრდილია და შესაბამისად, სამწუხაროდ, მოლოდინიც არ არის კარგი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

ლევან სილაგავას განმარტებით, თუ მოსახლეობა მოითხოვს, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, სახელმწიფომ ამისთვის რაღაც მექანიზმი უნდა აამუშაოს.

„მოსახლეობის დაკვეთა თუ იქნება, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, შესაბამისად, სახელმწიფომ ამისთვის რაღაც მექანიზმი უნდა აამუშაოს.  ხორბლის ფასმა მოიმატა, ეს მომატება, რა თქმა უნდა, აისახება საბოლოო პროდუქციაზე, თუმცა დიფერენცირება კეთდება წისქვილებში და პურის ქარხნებშიც. ანუ ჩვენ, წისქვილკომბინატები  სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიფერენცირებას ვაკეთებთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველი ხარისხის ფქვილზე შევინარჩუნოთ უფრო კომფორტული ფასი, უმაღლესი და ექსტრა ხარისხის ფქვილის გაძვირების ხარჯზე. ამას ვაკეთებთ დღესაც, ამაში ხელს გვიწყობს გარდამავალი მარაგები და იგივეს აკეთებენ პურის მწარმოებლები, როდესაც იგივე ფუნთუშებს, ორცხობილებს და ა.შ. უფრო აძვირებენ, ვიდრე პირველი ხარისხის პურს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა“, – აღნიშნა ორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.

1tv.ge