ლევან იოსელიანი - ოპოზიციას არ აქვს ტექნიკური საშუალება, ვინმეს მოუსმინოს და გადაუღოს - ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2021 15:17
ლევან იოსელიანი - ოპოზიციას არ აქვს ტექნიკური საშუალება, ვინმეს მოუსმინოს და გადაუღოს - ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე

 

ოპოზიციას არ აქვს ტექნიკური საშუალება, ვინმეს მოუსმინოს და გადაუღოს - ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე, ოპოზიციას ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების" დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებზე პრემიერ - მინისტრის განცხადებას, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას „ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე" თავდასხმად შეაფასა.

იოსელიანის თქმით, საზოგადოებაში მოსმენებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ის ასევე წინააღმდეგი არ არის, ოპოზიციამ იმსჯელოს პარლამენტში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც.

„ამ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს და მან უნდა გასცეს პასუხი ყველაფერს, თუ უპასუხოდ დატოვებს, ესეც იქნება ერთგვარი პასუხი და გვეცოდნება, რომ უბრალოდ, არ უნდათ ამ ყველაფრის გამოძიება. მე ასევე არ ვარ წინააღმდეგი საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ ამას სჭირდება ყველა პარტიის პოლიტიკური ნება, ეჭვგარეშეა, რომ 5 ივლისის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რასაც ჩვენ ვუჭერდით მხარს და კიდევ ერთი ფრაქცია, ვინც ეს ინიციატივა წამოაყენა, მაგრამ საგამოძიებო კომისია არ არის შექმნილი, რადგან არ შეიკრიბნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანდა. ამიტომ ეს უნდა იყოს განხილული მთლიანად ოპოზიციაში და რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი უნდა დაუჭიროს, მათ გარეშე კომისია ვერ შეიქმნება. თუ შეიქმნება, ვისაც საჭიროდ ჩათვლის კომისია, ლილუაშვილიდან დაწყებული, ვინც არიან ამ საქმეში ჩართული, იქნებიან დაბარებულები. ძალიან ცუდ ტრადიციად იქცა როცა ყველა არჩევნების წინ ასეთი ფაილების გაჟონვა ხდება. მომხრე ვარ, რომ ადამიანებმა ვინც არიან ამ სისტემაზე პასუხისმგებელი, გასცენ პასუხი ამ შეკითხვებს რატომ ხდება ეს,"- განაცხადა იოსელიანმა.