იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი – პასუხი მეგის ქარდავას მეუღლეს
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2021 19:32
იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი – პასუხი მეგის ქარდავას მეუღლეს

 

„გაუტეხელი” ქმრის წელში გამართული ცოლის სტატუსი ვნახე… უტიფრობის უმაღლესი დონე, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მწერალი დინა მირცხულავა მეგის ქარდავას მეუღლის განცხადებას.

 „(რატომ მიკვირს , ნეტა ?!) თავიდან რაღაცნაირად შევიკავე თავი – ქმარია, შვილის მამა და შევეცდები გავუგო – მეთქი. მაგრამ მერე გაგება გადავიფიქრე. და რატომ… აი, ხომ გაუგია, წაუკითხავს მაინც სადმე, რა (შეგნებულად – “რა”) ჰყავს ქმრად, ყველაფერი თუ არა, ერთი ადამიანის უბედურება ხომ მაინც აქვს მოსმენილი ?! აქვს. მეტ -ნაკლებად იცის კიდეც. ქველმოქმედება ხომ არ იყო მარჯვენას არ სცოდნოდა, მარცხენა რას აკეთებდა ?! და მაინც “გაუტეხელი” ქმრის წელგამართული და ბედნიერი ცოლია.

 უყვარს ალბათ (მშვიდობაში მოახმაროს !) და ეგმირება, მაგრამ თავისთვის ჩუმად რომ იამაყოს და ჩუმად რომ გამართოს ის კუზიანი წელი, ვერა ხომ ?!

 უნდა გაგვაღიზიანოს, უნდა გამოგვიწვიოს, უნდა შეგვშალოს… გამარჯობა, სოფო! ჩემი გვარ – სახელი არაფერს გეუბნება ალბათ. სამაგიეროდ, მე შემიძლია, მოგიყვე შენი ქმრის “საქმენი საგმირონი”… ხუთი თვის პატარა გვყავს, ნანატრი შვილი- შეგვეცოდა, ვერ გავიმეტეთ და ძიძა არ ავუყვანეთ. დილიდან გამოსული ვარ, ასე სჭირდება ჩემს საქმეს და ჩემი ქმარი მწერს – რთულია, ვეღარ ვიმორჩილებ, მძიმეა, ბევრს მოძრაობს,ეს თითებიც რომ არ მივარგა და ხელს როგორც მინდა, ისე რომ ვერ ვხმარობ…

 რა შუაშია და შენმა “გაუტეხელმა” ქმარმა წაართვა ის ბედნიერება, მამები რომ შვილებს ააგდებენ მაღლა, სულ უფრო მაღლა და ჰაერში იჭერენ მერე… იმისათვის რომ შენ დღეს წელგამართული და ამაყი ყოფილიყავი, ჩემმა ქმარმა ისწავლა მარცხენა ხელით წერა, მარცხენა ხელით ჭამა, უარი თქვა საჭის მართვაზე და სამუდამოდ დაემშვიდობა -ნადირობას – მის დიდ გატაცებას.

 იმისათვის რომ შენ დღეს ამაყი ყოფილიყავი – ჩემს ქმარს საფრანგეთში ჩაუტარდა ორი ოპერაცია და ექვსთვიანი თერაპიის კურსი დაენიშნა ყოველდღიურად, წარმოგიდგენია ?!

 ყოველდღე წვიმასა თუ ქარში, თოვლსა და ქარბუქში დადიოდა დღეში სამი საათი, ხან ფეხით და ხან ტრანსპორტით, სოფელში ვცხოვრობდით მაშინ…და რა გადავიტანეთ, კაცმა არ იცის.

 მაგრამ თითები ვერ აღუდგინეს, ექიმმა დანანებით გვითხრა, რომ ოპერაცისას მხოლოდ “უცხო სხეულებისაგან“გავათავისუფლეთო… ალბათ ხვდები, “უცხო სხეულებში” რა იგულისხმება.

 იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი. და როგორც კი დადგება სექტემბერი და შემოდგომის სუსხი დაიწყება, ჩემი ქმარი შავ ხელთათმანს იკეთებს ხელზე და გვიან გაზაფხულამდე არ იხსნის, იმიტომ რომ სიცივეზე აუტანელი ტკივილები ეწყება. მერე ამ შავი ხელთათმანით ხშირად ვხვდებით გაუგებრობაში მაღაზიასა თუ აფთიაქში, ტრანსპორტსა თუ საავადმყოფოში…

 და ეს ყველაფერი, გადატანილთაგან მცირედი, მხოლოდ და მხოლოდ შენი “გაუტეხელი” ქმრის გამო და იმიტომ რომ შენ დღეს წელგამართული იყო.

 ჩემი და შენი ქმარი იქეთ იყოს… უფრო სწორად, შენი ქმარი იყოს იქეთ და ჩემი – ჩემთან და უახლესი ისტორიიდან ერთადერთი გაუტეხელი კაცი ვიცი მე – მერაბ კოსტავა. სირცხვილია. წერტილი,“- წერს დინა მირცხულავა.

დინა მირცხულავას მეუღლე, ბერდია ფიცხელაური ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს დაზარალებულია.

primetime.ge