საერთაშორისო ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე: ის ფაქტი, რომ არასათანადო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს დამკვიდრებულ იქნა საიდუმლო სისტემა, განსაკუთრებით ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2021 14:11
საერთაშორისო ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე: ის ფაქტი, რომ არასათანადო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს დამკვიდრებულ იქნა საიდუმლო სისტემა, განსაკუთრებით ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს

 

ის ფაქტი, რომ არასათანადო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს დამკვიდრებულ იქნა საიდუმლო სისტემა, განსაკუთრებით ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

„როგორ ჩანს, სააკაშვილის ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა მისი სურვილი საზოგადოებრივი კონტროლისგან დაემალა მისი ხარჯები იმის მიუხედავად იყო ეს ხარჯები მიწიერი და პრეზიდენტისთვის სავარაუდოდ შესაფერისი, თუ არამართებულად ექსტრავაგანტული. ამასთან, არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ არავის იმ პირთაგან, ვისაც იმ  დროისთვის ძალაუფლება გააჩნდა, არ ჰქონდა გამბედაობა, რომ ხმა ამოეღო“ - აღნიშნულია  უცხოელი სპეციალისტების ანგარიშში.

საერთაშორისო ექსპერტების განმარტებით, სასამართლოს მიერ სათანადო წესის შესაბამისად განსახილველი მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ დადგენილების გასამყარებლად და ამართლებს მიხეილ სააკაშვილისთვის და თეიმურაზ ჯანაშიასთვის წარდგენილ ბრალდებას სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც სსკ-ის 182-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურამ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.