სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და საზღვარგარეთ გასატანი ღირებულება ჩვენი კულტურაა, რომელსაც პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სჭირდება
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2021 10:31
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და საზღვარგარეთ გასატანი ღირებულება ჩვენი კულტურაა, რომელსაც პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სჭირდება

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვენაში ვიზიტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცნობილმა მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, საოპერო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ექიმებმა და სამედიცინო სექტორში მოღვაწე მეცნიერებმა პრეზიდენტს ის საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოში აღნიშნული მიმართულებების განვითარებას და პროგრესს გამოიწვევს.

ვენაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით კარგი იქნება, თუკი საელჩოსთან თანამშრომლობით ვენაში შეიქმნება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას.

„ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და გარეთ გასატანი ღირებულება – ჩვენი კულტურაა. ამ მხრივ ნებისმიერ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, იმდენის გაკეთება, რაც თითოეულ თქვენგანს თავისი ნიჭითა და შრომით შეუძლია. დღეს თავისუფლების დროა და  ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს წარმატება თქვენია, თუმცა ის სახელმწიფოსიცაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ახალი მიმართულებების შექმნასა და დაფინანსებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურის ევროკავშირის მოქალაქეების სწავლის საფასურთან გათანაბრების საკითხს, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა მარიამ რურუამ დასვა და აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისათვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუკი ეს საკითხი მოგვარდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თემა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებში განიხილება. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი უკვე განიხილა ბრიუსელში დავიდ სასოლისთან შეხვედრისას და იგეგემება, რომ ეს თემა გადაიჭრას ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით.

პრეზიდენტმა საჩუქრად ხელოვანებს სანოტო წიგნები გადასცა.