ტურიზმის ადმინისტრაციამ იტალიური გამოცემა Bell’Europa-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2021 11:56
ტურიზმის ადმინისტრაციამ იტალიური გამოცემა Bell’Europa-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა

 

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიის რეიტინგული სამოგზაურო გამოცემის Bell’Europa-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრესტურის ფარგლებში იტალიელმა ფოტოგრაფმა თბილისის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ისტორიული ძეგლები, ტურისტული ადგილები, ძველი თბილისის უბნები მოინახულა და გადაიღო. პრესტურის შედეგად 2022 წლის დასაწყისში Bell’Europa საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რვაგვერდიან სტატიას და ფოტორეპორტაჟს მოამზადებს, რომელსაც იტალიაში ათი ათასობით მკითხველი გაეცნობა. პრესტურის მიზანი იტალიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და არაერთი სტატია მაქვს მომზადებული. ამჯერად იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო ჟურნალისთვის ვამზადებ სტატიას.  თბილისის ნაკლებად ცნობილი საინტერესო ადგილები მინდა გადავიღო, რომელსაც ტურისტები უნდა ეწვიონ. საქართველოში 15 წელია ჩამოვდივარ და იმედი მაქვს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი თქვენს ქვეყანას, რომელიც ჩემთვის მეორე სახლია“, – ამბობს ჟურნალ Bell’Europa-ს ფოტოგრაფი ანდრეა ფორლანი.