გიორგი გაბუნია: ,,დედას ჩავეხუტე და დავემშვიდობე, ის წუთების გარდაცვლილი იყო”
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2021 20:08
გიორგი გაბუნია: ,,დედას ჩავეხუტე და დავემშვიდობე, ის წუთების გარდაცვლილი იყო”

 

დღეს, 27 დეკემბერს ერთი წელი გავიდა ცნობილი დიქტორის, საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი სახის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალებიდან. მისი შვილი, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დედაზე ყოველთვის იშვიათად ყვებოდა, მაგრამ, როცა იხსენებდა, ეს ყოველთვის ბევრ ემოციასთან იყო დაკავშირებული.

-მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, დედამ ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა, ვინ ვიყავით. ვისაც ეს გამოცდილი აქვს იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს.დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები. რამდენჯერმე ვკითხე, ვინ ვარ-მეთქი. მას ბოლომდე ჰქონდა თავმოყვარეობა შენარჩუნებული და კი არ მითხრა, არ ვიციო, თითქოს ირონიით მიპასუხა, კარგი, რას მეკითხებიო.

დედას აღარ გაუგია, რომ მის მსგავსად მეც გამომაგდეს ტელევიზიიდან, სადაც 14 წელი გავატარე. არ გაუგია, რომ ქუჩაში ჩეჩენი ქილერი დამდევდა, თორემ ვერ გადაიტანა. არ გაუგია, რომ ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა, არ გაუგია, რომ მისგან შვილიშვილი გაუჩნდა…

ვისი სახელიც ბოლომდე ახსოვდა და ეძახდა, მამაჩემი იყო. ნელ-ნელა ფიზიკურად და გონებრივად დაილია. იმ დღეს ტელევიზიიდან სახლში მივედი, მაგრამ დედას ცოცხალს ვერ მივუსწარი. მამამ ეს არ იცოდა. სახლში რომ შევედი, დედასთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა, გიორგი მოვიდაო, მაგრამ დედას რეაქცია აღარ ჰქონდა…

მამამ ხმამაღალი ტირილი დაიწყო, თავზე ეფერებოდა დედას და იმეორებდა: ,,ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი…”. დედა სრულიად ჭაღარა იყო, დაპატარავებული და ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამხდარი. მე ჩავეხუტე და დავემშვიდობე, ის სულ რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო, – მოუყვა გიორგი თავის მაყურებელს.

sarkenews.ge