თეთრი სახლის პრესმდივანი - პუტინს შეუძლია, აირჩიოს ორი გზა, დიპლომატიის ან ესკალაციის
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2022 23:52
თეთრი სახლის პრესმდივანი - პუტინს შეუძლია, აირჩიოს ორი გზა, დიპლომატიის ან ესკალაციის

 

არსებობს ორი გზა, რომლის არჩევა პუტინს შეუძლია, ეს არის დიპლომატიის ან ესკალაციის გზა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე ჟენევაში გამართული ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შემანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვს შორის გამართული მოლაპარაკებები ღია, გულწრფელი და პირდაპირი იყო.

„შემიძლია, დავადასტურო ის, რაც თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომ ეს მოლაპარაკებები იყო გულწრფელი და პირდაპირი. აშშ-ის მხრიდან იყო განხილული, თუ რა არის ჩვენი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ორი გზა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეუძლია, აირჩიოს. ეს არის დიპლომატიის გზა, მიმდინარე კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების კიდევ ორი რაუნდი, ეს არის სამი რაუნდის მოლაპარაკებების პაკეტი. არის ესკალაციის გზა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ისინი დიპლომატიის გზას აირჩევენ“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმას, რა დევს სასწორზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციას გადაწყვეტს.

თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული ძალების გაყვანა იქნება მარტივი გზა იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთი დიპლომატიისა და დეესკლაციისთვის არის განწყობილი.

„აგრესიული ქმედებები, მტრული რიტორიკა მოდის რუსეთიდან. ასე რომ, მათ აქვთ უნარი და ძალა, რომ დეესკალაცია მოახდინონ“, – დასძინა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ჯენ ფსაკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის პრინციპი – „არანაირი მოლაპარაკებები ევროპაზე ევროპის გარეშე“ და „არანაირი მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.

1tv.ge