პოლიციამ აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2022 12:04
პოლიციამ აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი პირი – 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი. დააკავა. სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: სამი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სამი მჭიდი და ერთი ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს BLOW MINI MOD 2003-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.