ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2022 10:28
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა

 

გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, – ეს განცხადება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაურემა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

აღნიშნული შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებმა მოლაპარაკება გამართეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან. შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილებოდა.

„უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო შთამბეჭდავი რეფორმების გატარება და საგრძნობლად გააუმჯობესა თავდაცვისუნარიანობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით. ეს პაკეტი გავაძლიერეთ, რათა გაუმჯობესებულიყო კავშირი საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის, გაძლიერებულიყო საქართველოს საზღვაო კომპონენტი და უფრო მეტად ყოფილიყო ფოკუსირებული მედეგობაზე. უკრაინა და საქართველო ნატო-ს პარტნიორები არიან და ორივე იღებს სარგებელს ნატო-ს უპრეცედენტო მხარდაჭერისგან. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ მათ აქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა დაიცვან საკუთარი უსაფრთხობა და ასევე წვლილი შეიტანონ ევროპის უსაფრთხოებაში. ჩვენ ასევე დავადასტურეთ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, – განაცხადა ადმირალმა.