გიორგი კალანდარიშვილი - რაც არ უნდა კარგი გააკეთო, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი შეიძლება ჩამოინგრეს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2022 17:03
გიორგი კალანდარიშვილი - რაც არ უნდა კარგი გააკეთო, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი შეიძლება ჩამოინგრეს

 

რაც არ უნდა კარგი გააკეთო, დეზინფორმაციის, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩამოინგრეს, - ამის შესახებ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას განაცხადა.

კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ პრობლემად და გამოწვევად დეზინფორმაცია და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენა დაასახელა. მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, საპილოტე რეჟიმში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ჩამოყალიბდა.

"ავამუშავეთ მექანიზმი, რომლის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები მედიამონიტორინგს, ინფორმაციის ანალიზს და მასზე დროულ რეაგირებას ახორციელებენ. გადამზადდა მედიამონიტორების ჯგუფი. ერთ-ერთი პირველი საჯარო უწყება ვართ, რომელმაც ასეთი ტიპის მექანიზმი გამოიყენა იმისთვის, რომ დაიცვას ინსტიტუცია და ამომრჩეველი არასწორი აღქმების ჩამოყალიბებისგან, რასაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ინსტიტუციის დაზიანება საარჩევნო პროცესს აზიანებს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებთან გასაუბრებისას.