„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2022 22:43
„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს

 

„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Meta ავრცელებს.

საქმე ეხება მომხმარებლების მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპულ რეგულაციებს, რომელიც კომპანია Meta-ს (წინათ Facebook-ს) უფლებას არ აძლევს, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მომხმარებლების მონაცემების დამუშავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის, რათა სოციალურ პლატფორმებზე რეკლამის გაშვების დროს სამიზნე აუდიტორია სწორად შეირჩეს.

საიდან დაიწყო დავა

2020 წლის ივლისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოახდინა იმ ჩარჩო ხელშეკრულების ანულირება, რომელიც აშშ-ევროპას შორის პერსონალური მონაცემების კომერციული მიზნით გაცვლას არეგულირებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეების პირადი მონაცემების დაცვას.

შედეგად, ამერიკულ კომპანიებს ევროპელ მომხმარებელთა მონაცემების აშშ-ში გადაგზავნაზე შეზღუდვები დაუწესდა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, გაფორმდეს ისეთი ახალი შეთანხმება, რომელიც მონაცემთა უსაფრთხო  მიმოცვლას უზრუნველყოფს. ამ საკითხზე აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე.

რას ამბობენ კომპანია Meta-ში?

„ჩვენ ევროპიდან გასვლის არანაირი სურვილი და გეგმა არ გვაქვს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ Meta-სა და ბევრი ამერიკული კომპანიისა თუ ორგანიზაციის საქმიანობა აშშ-სა და ევროპას შორის მონაცემთა მიმოცვლას ეფუძნება“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მიმდინარე წელს ახალ შეთანხმებას მიაღწევენ და ევროპაში Instagram-ისა და Facebook-ის პლატფორმების დახურვა არ მოუწევთ.

1tv.ge