როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2022 14:32
 როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები

 

გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად, ტენდენციაა ერთგვარი გამოღვიძების, მოძრაობის. მალე კარგი ამინდები ყოველდღიურობა გახდება, ხოლო წინ კიდევ ცხელი ზაფხულია, ამიტომ შესაბამისი თადარიგის დაჭერაა აუცილებელი. მართალია, მარტი ჯერ კიდევ ჭირვეული თვეა და კაცმა არ იცის როგორი ამინდები იქნება, თუმცა ზამთრის სუსხი თანდათან დავიწყებას მიეცემა. გაზაფხული იდეალური პერიოდია რაიმე ახლის დასაწყებად, იქნება ეს სამსახური თუ პირადი განვითარება და თუ ჩვენს სიზარმაცეს ცოტათი მაინც გადავაბიჯებთ და რაიმე ახალს ვცდით, დღის ბოლოს აუცილებლად დავრჩებით სასიამოვნოდ დაღლილები. იმისათვის, რომ უფრო მეტად პროდუქტიულნი შევიქმნათ და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, პირველ რიგში აუცილებელია ეს გვინდოდეს, ოღონდ მართლა გვინდოდეს და მზად ვიყოთ ჩვენი კომფორტის გასაწირად.

თუ არ ვარჯიშობთ, გაზაფხული კარგი პერიოდია ამის დასაწყებად. მართალია, შეიძლება ზაფხულისთვის ბოდიბილდერის სხეული არ გქონდეთ, თუმცა ცვლილება აშკარად თვალში კარგად საცემი იქნება, რაც ერთი-ორად გაზრდის თქვენს დამოკიდებულებას უამრავი საკითხის მიმართ. ვარჯიში ბევრი ადამიანისთვის რუტინის ნაწილია, რაც საკმაოდ დადებითი თვისებაა და დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ცხოვრების ამ წესს მიყვეს. ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ვარჯიშის პერიოდში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ბედნიერების ჰორმონი, რაც კარგ განწყობას უზრუნველყოფს, ასეთ დროს შეუძლებელი დავალებები მხოლოდ და მხოლოდ გამოწვევებია, რომელსაც იცით, რომ აუცილებლად გადალახავთ. ასევე, ფიზიკური დატვირთვა ადამიანს ფიზიკურად ღლის, ამიტომ ბუნებრივად ხდება ძილის რეჟიმის გამოსწორება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

თავის დროზე ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომელიც აისახება კარგ ხასიათში, იმუნიტეტსა და პროდუქტიულობაში. როდესაც ღამეს ვათენებთ, ან გვიან ვიძინებთ, ტვინი გამოყოფს სტრესის ჰორმონს დიდი ოდენობით, რაც აუცილებლად აისახება არამხოლოდ შესრულებულ საქმეში, არამედ ცხოვრების ხარისხზე. გამოუძინებელ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში ეძინება, აქვს გაფანტული გონება, არ არის მზად ახალი გამოწვევისთვის, უჭირს კომუნიკაციაში შესვლა, არ იჩენს ინიციატივას და მისი ფიქრები მხოლოდ საწოლს დასტრიალებს. ძილის გამოსწორება ისაა, რითაც უნდა დაიწყოთ.

ადამიანი ისაა, რასაც ჭამს, შესაბამისად სწორი კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია რუტინაში. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის აქტივობით ხართ დაკავებული - ვარჯიშობთ, დილით დარბიხართ, იოგაზე დადიხართ, ველოსიპედები გიყვართ თუ სკეიტით გადაადგილდებით, თუ შესაბამისად არ იკვებებით, მთელი ეს შრომა არაფრის მომცემია ხშირ შემთხვევაში. სწორი კვება არ ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას, ეს ერთგვარი კვების რეჟიმია, რაც საშუალებას მოგცემთ ჯანსაღად იკვებოთ, შიგადაშიგ კი თავი სწრაფი კვებითა თუ ტკბილეულით გაინებივროთ. სწორი კვების დასაწყებად უპირველესად შაქარი უნდა ამოიღოთ რაციონიდან, რაც საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო ჯანმრთელები.

თუ სამსახური ადეკვატურ მანძილზე იმყოფება და შესაძლებლობა გაქვთ ფეხით მიხვიდეთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. დილით გასეირნება ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, ხოლო ფსიქოლოგიურად გამზადებთ ახალი დღის აღმოჩენებისკენ. ასევე, ძალიან კარგია ველოსიპედები, თუ ტარება იცით, სამსახურში ერთხელ მაინც გარისკეთ ველოსიპედით მისვლა და მიხვდებით მის ხიბლს.