შოთა დიღმელაშვილი - 24 ივნისს ისევ აქ შევიკრიბებით, თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით ხალხი, ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2022 23:13
შოთა დიღმელაშვილი - 24 ივნისს ისევ აქ შევიკრიბებით, თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით ხალხი, ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას

 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა.

როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას.

„მინდა, გაგაცნოთ ყველა იმ ძვირფას ადამიანთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში, შემუშავებული მანიფესტი და მიმართვა ყველას, თითოეულ თქვენგანს. ეს მანიფესტი მოიცავს შემდგომი მოქმედებების გეგმას. დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ, რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაუმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი და თუ თაობიდან თაობამდე ისევ და ისევ ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მომავალს ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია. აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით დავიწყებთ და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინაურობაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი თუ საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ გაღებული მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის, გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში.

ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარიო პრობლემა ეღობება, ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აქ, ამ გამზირზე ერთად დგომით შეძლებს ჩვენმა ევროპელმა წინაპრებმა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ აქ, ერთად დგომით შევძელით 1991 წლის 9 აპრილს და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. 2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით თქვენ – ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას – სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტსა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმრჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ, რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ. წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.