კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2022 16:43
კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა.

საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლა ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნებს შორის გაიმართა, რის შედეგადაც საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, თავად მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ქართველი ფალავნები და ადგილობრივი მცხოვრებლები.
 

„გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო და მეოთხედ ტარდება. მიხარია, რომ ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება სწორედ ჩვენ გვაქვს. გვეამაყება ეს ადამიანი, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა ასახელო შენი  ქვეყანა. ჩვენ,  სხვადასხვა აქტივობით მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ  ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საჭიდაო არენასთან, ასევე, მოწყობილი იყო გასართობი სივრცე, სადაც ტურნირის დაწყებამდე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ელექტრონული მუსიკისთვის მოესმინათ. ტურნირის მიმდინარეობისას კი, სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები „საჭიდაო“ კომპოზიციებს ასრულებდნენ.