სალომე ზურაბიშვილი - წინ რომ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანი, უნდა დავივიწყოთ ბოღმა, სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს
ამობეჭდვა · 07 / 08 / 2022 22:53
სალომე ზურაბიშვილი - წინ რომ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანი, უნდა დავივიწყოთ ბოღმა, სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს

 

ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

„მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.

დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.

ისიც მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.