ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2022 12:22
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე თქმით, მოღალატეების გეგმა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი ყოფილიყო ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის.

„იმ მოღალატეების მთავარი მცდელობა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი, ასე ვთქვათ და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ, რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? - აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი,“- განაცხადა პრემიერმა.