„ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი - მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2022 19:40
„ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი - მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის დროს მან წონაში 11 კილოგრამი დაიკლო.

როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს კლინიკაში მონახულებისას მიხეილ სააკაშვილმა და მან ჩაი დალიეს და ისაუბრეს. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, სააკაშვილს წმინდანების ცხოვრების შესახებ ესაუბრა, რითაც მისთვის იმის თქმა სურდა, რომ ყველაფრის უკან ეშმაკია და სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ სააკაშვილისთვის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე არაფერი უკითხავს.

„პირველივე შეხვედრაზე, როცა გვქონდა საუბარი, ასეთი რამ თქვა, რომ მისი ოცნებაა საქართველოში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. იმ ადგილებში, სადაც მას უნდა, შეეძლოს მისვლა და ცხოვრება. ეს არის მისი თუნდაც მამული ლაგოდეხში, ყვარელში, ჩემთან ჩამოსვლა ახალქალაქში იმიტომ,რომ იქ ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი აზრით, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

„ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტლება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით შესაძლებელი იყოს. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ, თუმცა, ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

primetime.ge