საპარლამენტო ოპოზიცია მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2022 13:55
საპარლამენტო ოპოზიცია მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

 

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით საპარლამენტო ოპოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების სრულყოფილი რეფორმა არის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელსაც ყველა სხვა პუნქტის ეფექტურ შესრულებაზე აქვს პირდაპირი გავლენა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური და გახსნილი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე, მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გავმართეთ მორიგი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე აქტუალური საკითხი არის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების თემა, თუმცა, რეფორმა გაცილებით და ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხსაც მოიცავს. არ მოველით რომ სასამართლო რეფორმა მარტივი გასაკეთებელი იქნება, მაგრამ ხედვებში გვაქვს არსებითი თანხმობა და ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობოებთან შეხვედრაში დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და პაატა მანჯგალაძე მონაწილეობდნენ.