სალომე ზურაბიშვილი - როცა ვუყურებთ პოლიტიკური ემიგრაციის ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ შესაძლებელია, ეროვნული თანხმობა შედგეს
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2022 19:54
სალომე ზურაბიშვილი - როცა ვუყურებთ პოლიტიკური ემიგრაციის ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ შესაძლებელია, ეროვნული თანხმობა შედგეს

 

დღეს, როცა ვუყურებთ პოლიტიკური ემიგრაციის ამ ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ შესაძლებელია, ეროვნული თანხმობა შედგეს, თუნდაც იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენები და იდეოლოგია აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენის გახსნისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს წინა პლანზე გამოდის ვიწრო გაგებით პოლიტიკური, პარტიზანული დაპირისპირება და სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილია მაგალითი იმისა, რომ სხვანაირადაც შეიძლება. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მაინც არსებობდა ერთიანი გაგება იმისა, რომ მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობაა და ყველა ამისთვის იბრძოდა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ ვარლამ ჩერქეზიშვილი და გავხსნათ ძალიან საინტერესო გამოფენა. ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციასაც უკავშირდება, ჩვენი ისტორიის ძალიან საინტერესო ნაწილია. ემიგრაცია არ დაწყებულა მხოლოდ 1921 წლის შემდეგ, ის ბევრად უფრო ადრე, რუსული იმპერიის დროს დაიწყო და ვარლამ ჩერქეზიშვილი იმ დროს უკვე იყო პოლიტიკურ ემიგრაციაში.

ეს ადამიანები იქ ამზადებდნენ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს, ჩვენს სახელმწიფო იდეოლოგიას. იბრძოდნენ იმთავითვე დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორედ ევროპულ საწყისებზე შექმნილიყო. ვარლამ ჩერქეზიშვილი ანარქისტი იყო და ამავდროულად, სხვებთან ერთად იბრძოდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

დღეს, როცა აქედან ვუყურებთ ისტორიის ამ ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ თურმე შესაძლებელია, ეროვნული თანხმობა შედგეს, თუნდაც იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენები და იდეოლოგია გააჩნიათ. შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს ირგვლივ და მისი შექმნის ირგვლივ შედგეს ის ეროვნული თანხმობა, რომელიც დღეს ესოდენ გვჭირდება. დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება დაპირისპირებითა და პოლარიზაციით – დღეს მხოლოდ ეს გვესმის – სხვადასხვა ადამიანის ერთმანეთთან დაჯახება, რომლის დროსაც გვრჩება განცდა, რომ ხშირად იკარგება სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ეს კონფლიქტი, მხოლოდ ეს ვიწრო გაგებით პოლიტიკური, პარტიზანული დაპირისპირება.

სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილია მაგალითი იმისა, რომ თურმე შეიძლება სხვანაირადაც. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მაინც იყო ერთი და ერთიანი გაგება იმისა, რომ მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობაა და ყველა ამისთვის იბრძოდა. ამიტომ მე არაერთხელ გამოვედი ინიციატივით, რომ (ალბათ, უფრო ვაკის პარკში) შეიქმნას, ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ფორმით, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, რომელთა შორისაც იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან სკოლის მოწაფეები საგარეჯოდან, ვარლამ ჩერქეზიშვილის მშობლიური კუთხიდან. მნიშვნელოვანია, დღეს სკოლებში დაიწყოს პოლიტიკური ემიგრაციის პერიოდისა და ამ პიროვნებების შესახებ უფრო საფუძვლიანი სწავლება. უნივერსიტეტში ჩვენ გვყავს სწორედ პოლიტიკური ემიგრაციის სპეციალისტები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ექსპერტების საკითხი, ეს საზოგადოებისთვის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა არ იქნება ერთდღიანი, ის გასცდება დედაქალაქს და გავა რეგიონებში. გამოფენის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, მეცნიერი და მკვლევარი გოჩა ფერაძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა უსახსოვრა.