მარინა კალიურანდი - ჩვენმა პოლიტიკოსებმა პარტიული ინტერესი გადადეს და მიზნად დაისახეს ესტონელი ხალხის დიდი ინტერესი, შეერთებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირს, გთხოვთ, ეს იყოს შთაგონების მაგალითი თქვენთვის
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2022 19:56
მარინა კალიურანდი - ჩვენმა პოლიტიკოსებმა პარტიული ინტერესი გადადეს და მიზნად დაისახეს ესტონელი ხალხის დიდი ინტერესი, შეერთებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირს, გთხოვთ, ეს იყოს შთაგონების მაგალითი თქვენთვის

 

შესაძლებლობა აქაა და გთხოვთ, ნუ დაკარგავთ მას, გთხოვთ, იყავით მომზადებული, რადგან არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს იქნება შესაძლებლობის ფანჯარა ღია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა განუცხადა.

კითხვაზე, ყველა მხარესთან შეხვედრის შემდეგ, ხედავს თუ არა მზაობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა.

„როგორც გუშინ უკვე ვთქვი, იყო შეკითხვები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი კითხულობს, როგორ მოახერხა ესტონეთმა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, როდესაც არავინ გვთხოვდა ორგანიზაციებში მიერთებას და არავინ გველოდა, მაგრამ მაინც დავწინაურდით. ძალიან პატარა ფანჯარა გვქონდა და გამოვიყენეთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა იმუშავეს ერთად. მათ შიდა პოლიტიკა გვერდზე გადადეს, პარტიული ინტერესი გადადეს და მიზნად დაისახეს ესტონელი ხალხის უფრო დიდი ინტერესი, შეერთებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირს. ასე რომ ჩემი ერთადერთი რჩევაა, გთხოვთ, ეს იყოს თქვენთვის შთაგონების მაგალითი და გააკეთეთ იგივე. ფანჯარა ღიაა და ფანჯარა ღიაა უკრაინელი მოქალაქეების, ქალებისა და სამხედროების სისხლის ხარჯზე. ომის გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსზე დღეს არ ვიმსჯელებდით. ასე რომ, შესაძლებლობა აქაა და გთხოვთ, ნუ დაკარგავთ მას. გთხოვთ, იყავით მომზადებული, რადგან არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს იქნება შესაძლებლობის ფანჯარა ღია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.