ლევან ბეჟაშვილი - გამოვდივართ ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2022 13:19
ლევან ბეჟაშვილი - გამოვდივართ ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს

 

ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი.

„ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვთავაზობთ კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ, მიგრაციამ, ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება ქვეყნის, როგორც შიდა უსაფრთხოების, საკითხებს, ასევე ფინანსურ უსაფრთხოებას და მთელ რიგ რისკ-ფაქტოებთან არის დაკავშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და შეკითხვებს წარმოშობს. შესაბამისად, ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესთან მიმართებაში. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე. ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი. ამავე დროს, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ, არ ისარგებლონ ამ შენატანით და არც შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოში მყოფ დევნილებს უნდა მოხმარდეთ.

„ამ შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის, რომლებიც მრავალ ასობით ათასი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის იქნება შექმნილი სპეციალური დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად, დევნილების საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული. დღევანდელი სტატისტიკით, რუსეთის დაახლოებით 280 ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში. ბოლო ათი დღის მონაცემებით, დაახლოებით 80 ათასი ადამიანი შემოვიდა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ თანხის დაწესებით საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლები იქნება და ეს თანხები დევნილების საჭიროებებს მოხმარდება. უკვე შემოსულ მოქალაქეებზე აღნიშნული ვალდებულება ასევე გავრცელდება, რადგან ჩვენ საბანკო დაწესებულებებს, მობილურ ოპერატორებს, სადაზღვევოებს, სამედიცინო კლინიკებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს დავავალდებულებთ, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევისას, მათ რუსეთის მოქალაქეებს მოსთხოვონ აღნიშნული თანხის დამადასტურებელი გადახდის ქვითარი, რაც ასევე უზრუნველყოფს უკვე შემოსული მოქალაქეებისთვის ამ შენატანის გადახდის ვალდებულებას. ვფიქრობ, ეს ინიციატივა საერთო-სახალხო ინიციატივა უნდა იყოს. საზოგადოება ეთანხმება ამ ინიციატივას, ეს მოთხოვნა კონკრეტული მოქალაქეებიდან და მათი მოთხოვნის საფუძველზე მომდინარეობს. ვფიქრობთ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდოთ, არ განვიხილოთ ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივებისა და დაპირისპირებების ჭრილში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

1tv.ge