ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი ვაშაძის დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის, სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2022 13:29
ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი ვაშაძის დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის, სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი

 

გიორგი ვაშაძის დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის, სიყალბის პერფორმანსი და იმის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვაშაძის გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა.

„ჩვენ ახლა მოვისმინეთ გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე, ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც ჩაიდინეთ. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით.

პირველი კითხვა, რაც მე გამომიგზავნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მინდა, ყველას გავაცნო გვარები და სახელები, ვინ მომმართა კითხვებით. ესენი იყვნენ გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე. ამ ადამიანებს რომ მოვუსმინოთ და წერილის შინაარსებს გავეცნოთ, გვექნება განცდა, რომ ისინი მართლა არიან დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მოდით, ახლა ყველამ ერთად გავახსენოთ და შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება.

გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. იგი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის სხდომებზე. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ძალიან უცნაურია, მესმის, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ, მომმართოთ, მაგრამ მთელი პროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ყველამ ერთად, მათ შორის მეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს. ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში, საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

პაატა მანჯგალაძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. თეონა აქუბარდია რამდენიმე სხდომას დაესწრო, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ იყო. ხათუნა სამნიძე ესწრებოდა რამდენიმე სხდომას. ტარიელ ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრებოდა, მაგრამ ჩართული იყო სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვებში. თამარ კორძაია სამუშაო ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და როსტომ ჩხეიძე არა. ნატო ჩხეიძე ესწრებოდა კომიტეტში არსებულ სამუშაო ჯგუფს. ამით რა მინდა გითხრათ, რაც მე დასაწყისში ვთქვი. ეს არის ნამდვილი ფარისევლობა. კითხვის მთავარი ავტორი, გიორგი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიც არის პოლარიზაცია. საპირისპიროდ გამოვიდა, ყველამ მოისმინეთ, როგორი რიტორიკით წარდგა თქვენი და საზოგადოების წინაშე და შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, პარლამენტს, დეპუტატებს, კოლეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.