ყაზახეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ერთობლივი დოკუმენტები, რომლებიც შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას ეხება
ამობეჭდვა · 25 / 11 / 2022 18:18
ყაზახეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ერთობლივი დოკუმენტები, რომლებიც შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას ეხება

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმხრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. მათივე ცნობით, აქტაუს შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

„შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობისა და მიმზიდველობის გაზრდისთვის.

მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022-2027 წლებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.